აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე
მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით.
„მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა.
რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად ფოთის პორტში – შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.
რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა.
რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით.
რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
ფოტოზე: რუსი ჯარისკაცები ცხინვალის მახლობლად, 2008 წლის აგვისტო © AP Images