აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს მოხელეებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. იგი 22 თებერვალს დააკავეს და იმყოფებოდა პატიმრობაში ცხინვალში. ჩვენ ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე, ჩვენ განმეორებით მოვუწოდებთ, აღსრულდეს მართლმსაჯულება 2016 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.