აშშ-სა და ვენესუელას შორის პატიმრების გაცვლა შედგა. ვენესუელის მთავრობის მიერ გათავისუფლებულ ამერიკელთა ნაწილი ტეხასში მდებარე სან-ანტონიოს სამხედრო ბაზაზე უკვე ჩავიდა.
ვენესუელამ 10 დაპატიმრებული ამერიკელი ოთხშაბათს მადუროს მოკავშირის, კოლუმბიელი ბიზნესმენის ალექს სააბის სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიწყალა. ამასთან, მადურო ვაშინგტონს ციხიდან სულ მცირე 20 ოპოზიციონერის გათავისუფლებას დაჰპირდა.
ამას გარდა, ვენესუელამ აშშ-ში დააბრუნა მალაიზიელი ბიზნესმენი ლეონარდ ფრენსისი, რომლის სახელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.
სააბი 2020 წლის ივნისში დააკავეს, როდესაც ირანისკენ გზად მისი კერძო თვითმფრინავი კაბო-ვერდეში საწვავის შესავსებად დაეშვა. აშშ-ში სააბს ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებებში ედება ბრალი. გამოძიების ცნობით, ის მადუროს ოჯახსა და მის მოკავშირეებს ვენესუელიდან მილიონობით დოლარის გატანაში დაეხმარა.
პატიმრების გაცვლის შეთანხმება აშშ-სა და ვენესუელას შორის კატარის შუამავლობით მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.
შეთანხმებამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა ნახოს პროგრესი პატიმრების გათავისუფლების პროცესში, რათა გააგრძელოს ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება. მანამდე, ოქტომბერში აშშ-მა ვენესუელას სანქციები შეუმსუბუქა მადუროს მთავრობასა და ოპოზიციას შორის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების საპასუხოდ.