აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერის არჩევას დღეს შეეცდება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერის არჩევას დღეს შეეცდება

ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, სამი კენჭისყრის შედეგად, სპიკერის არჩევა ვერ შეძლო.

რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ, გამარჯვებისთვის საჭირო 218 ხმის ნაცვლად, მხოლოდ 203 ხმის მიღება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში 222 მანდატს ფლობენ, მაკარტის რესპუბლიკური პარტიის უკიდურესად მემარჯვენედ განწყობილი 20 კონგრესმენი უპირისპირდება. ისინი მაკარტის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან როგორც იდეოლოგიური, ისე პირადი მიზეზებით და ცდილობენ, სპიკერობის კანდიდატი გარკვეულ დათმობებზე დაითანხმონ.

კენჭისყრაში საკუთარი კანდიდატურა წარდგენილი ჰქონდა დემოკრატების ლიდერსაც, ჰაკიმ ჯეფრისს, რომელმაც მაკარტიზე მეტი, 212 ხმის მიღება შეძლო. თუმცა, რადგან დემოკრატებს კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა არ აქვთ, ამიტომ მათი კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა სიმბოლური იყო.

„დღეს, პირველად 100 წლის განმავლობაში, წარმომადგენელთა პალატამ ვერ შეძლო გახსნის დღის ორგანიზება. ეს არის სამწუხარო დღე წარმომადგენელთა პალატის ინსტიტუტისთვის. ეს სამწუხარო დღეა დემოკრატიისა და ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჯეფრისმა.

წარმომადგენელთა პალატა სპიკერის არჩევას დღეს კვლავ შეეცდება.