ამერიკის შეერთებულ შტატებს შემდეგ კვირაში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ვეი ფენჯი ესტუმრება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონში სტუმრობის დროს ჩინელ კოლეგასთან ერთად ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს.
„სტრატეგიული კონკურენცია არ გულისხმობს მტრობას. ჩემს კოლეგას პეკინში ერთი თვის წინ შევხვდი, ერთი კვირის წინ ასევე შეხვედრა გვქონდა სინგაპურში, შემდეგ კვირაში კი ის ვაშინგტონში გვესტუმრება, რათა ჩვენი დისკუსია განვაგრძოთ”, – განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მიზეზი ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო შეთანხმება იყო. ამის შემდეგ ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონში ჩინური სამხედრო დელეგაციის ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.