აშშ-ს მოწოდების მიუხედავად, სერბეთმა დაკავებული კოსოვოელი პოლიციელები არ გაათავისუფლა და წინასწარი დაკავების ვადა გაუხანგრძლივა
სერბეთის სასამართლომ წინასწარი დაკავების ვადა გაუხანგრძლივა სამ კოსოვოელ ოფიცერს, რომლებიც სერბეთის ძალებმა 14 ივნისს დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
სასამართლო პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, გაბრიელ ესკობარმა, სერბეთს დაკავებული პოლიციელების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ბელგრადმა ეს თხოვნა უგულებელყო.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობისა და გადატანის მუხლითაც წარუდგინა.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეჭვმიტანილები ან იძულებით გადაიყვანეს სერბეთის ტერიტორიაზე, ან წინასწარი განზრახვის გარეშე აღმოჩნდნენ საზღვრის მიღმა.
ოფიციალური სერბეთი აცხადებს, რომ კოსოვოელი ოფიცრები მათ ტერიტორიაზე საზღვრიდან მოშორებით დააკავეს. კოსოვო კი ირწმუნება, რომ ოფიცრები გაიტაცეს.
ცნობისთვის, კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.