აშშ-ს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია და შენარჩუნება ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდება
აშშ-ს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია და შენარჩუნება ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ საუბარია კონგრესის ბიუჯეტის დეპარტამენტის ანგარიშში.
ბირთვული გეგმების რეალიზაციის შემთხვევაში, ხარჯები 2019-დან 2028 წლის პერიოდში 494 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც წელიწადში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია.
ანგარიში თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზეა შემუშავებული 2019 წლის ფინანსური წლისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იწურება ვადა, რომელზეც აშშ-ის ამჟამინდელი ატომური არსენალი იყო გათვლილი. მათ შორის ატომური წყალქვეშა ხომალდები, რომლითაც აღჭურვილია ბალისტიკური რაკეტები, სახმელეთო კონტინენტთაშორისი რაკეტები, შორი მოქმედების ბომბდამშენები, ტაქტიკური თვითმფრინავები, ბირთვული ქობინები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ამ არსენალით სარგებლობა მომდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში კვლავ სურს, საჭიროა მათი ახალი სისტემებით აღჭურვა.