აშშ-ს ახალი საიმპორტო გადასახადი შესაძლოა, ევროკავშირს არ შეეხოს
აშშ-ს ახალი საიმპორტო გადასახადი შესაძლოა, ევროკავშირს არ შეეხოს

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ახალი გადასახადი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები 23 მარტიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრას აპირებს, ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქტს არ შეეხება. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა,  სესილია მალმსტრომმა ვაშინგტონში გამართული ორდღიანი მოლაპარაკება დაასრულა და აშშ-სგან მიიღო დაპირება, რომ ევროპული ფოლადი და ალუმინი არ დაიბეგრება ახალი გადასახადით. ამერიკამ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25% და 10%-იანი ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში 23 მარტიდან შედის.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ბაჟის დაწესების ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ამასთან, ტრამპმა  მიანიშნა, რომ გადასახადი არ შეეხება კანადას, მექსიკას, ავსტრალიას და დააკონკრეტა, რომ გადასახადისგან გათავისუფლებული ქვეყნების სია 23 მარტისთვის დაზუსტდებოდა.  თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი გადასახდი აუცილებლად შეეხება ჩინეთს, რომელსაც დიდი ხანია, კონკურენტი ქვეყნები ფოლადის დემპინგური ფასით ვაჭრობაში სდებენ ბრალს.  შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ევროკავშირი საპასუხო ღონისძიებების გატარებას გეგმავდა, რომელიც ევროპაში იმპორტირებული  პოპულარული ამერიკული პროდუქტების დაბეგვრას გულისხმობდა. ასევე, ევროკავშირი შტატების ახალი გადასახდის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაჩივრებას აპირებდა, რაც ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის საფრთხეს ქმნიდა.