აშშ-ს ახალი „მიგრანტების ქარავანი“ უახლოვდება. ამჟამად, ასობით ჰონდურასელი მიგრანტი გვატემალაში იმყოფება.
ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნულ ჯგუფში არიან როგორც ახალგაზრდა მამაკაცები, ისე მთელი ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, სულ საუბარია 360 მიგრანტზე.
არალეგალების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე აშშ-ში მიემართება, გვატემალის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ.
როგორც ჰონდურასის ხელისუფლება აცხადებს, მათი ინფორმაციით, მეზობელ გვატემალაში გადასვლას და შემდეგ აშშ-ისკენ გადაადგილებას, დაახლოებით 1000 ჰონდურასელი მიგრანტი ცდილობს.
ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის აუცილებლობაზე. ტრამპის თქმით, დემოკრატებმა პოლიტიკური თამაშები უნდა შეწყვიტონ და კედლის მშენებლობა დააფინანსონ.
შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის დაფინანსება უკვე 20 დღეზე მეტია შეწყვეტილია. ამის მიზეზი ტრამპისა და დემოკრატების დავაა. აშშ-ის პრეზიდენტი კედლის მშენებლობისთვის ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რაზეც დემოკრატები უარს ამბობენ.