აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიპლომატური მისიის განცხადებით, რუსეთში დაწყებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, აღკვეთოს მათი რუსეთიდან გამგზავრება და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში.
საელჩო აღნიშნავს, რომ კომერციული ავიარეისები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო სახმელეთო მარშრუტები ჯერ კიდევ ღიაა. თუ აშშ-ის მოქალაქეს სურს რუსეთის დატოვება, მან ზომები დამოუკიდებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობები, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო ტრანსპორტირების შესაძლებლობები შესაძლოა, მოულოდნელად კიდევ უფრო შემცირდეს.
„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.