აშშ რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას ან მოდიფიკაცია განახორციელოს SSC-8 ტიპის სარაკეტო სისტემაზე
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას ან მოდიფიკაცია განახორციელოს SSC-8 ტიპის სარაკეტო სისტემაზე. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონმა განაცხადა. აღნიშნული შეიარაღების გამო, 30 წლის წინ გაფორმებულ „საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმებას“ გაუქმება ემუქრება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სისტემის რაკეტების მოქმედების რადიუსი 500-დან 5500 კმ-ს შეადგენს, რაც შეთანხმებით აკრძალულია. რუსული მხარე კი, ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ვაშინგტონს შეიარაღებაზე მცდარი წარმოდგენა აქვს, რადგან რაკეტის გამოცდა ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა.
4 დეკემბერს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოსკოვს 60 დღიანი ვადა მისცა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.