აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრის დროს კონკრეტულ შედეგებს არ ელის
დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრის დროს კონკრეტულ შედეგებს არ ელის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დონალდ ტრამპის მრჩეველის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერები ერთმანეთს უკვე დიდი ხანია, არ შეხვედრიან. ჯონ ბოლტონმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტების შეხვედრამდე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
რამდენიმე საათის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი და ჯონ ბოლტონი სამიტის გამართვის დროსა და ადგილზეც შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ორივე სახელმწიფო 28 ივნისს გაასაჯაროებს.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრის დროს სირიის კრიზისსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.