აშშ-ის პრეზიდენტი თავისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის შეწყალებას აპირებს
დონალდ ტრამპმა შესაძლოა, თავისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი შეიწყალოს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News–სთან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს ფრაგმენტი 22 აგვისტოს გავრცელდა, სრული ვერსია კი ეთერში 23 აგვისტოს გავა.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პოლ მანაფორტი პოლიტიკური კონსულტანტისა და ლობისტის ჩვეული საქმიანობისთვის გაასამართლეს.
„შესაძლოა, ვაშინგტონში ყველა კონსულტანტი და ლობისტი იგივეს აკეთებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და აღნიშნა, რომ მან ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების წაშლით, დანაშაული ჩაიდინა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი სასამართლომ გადასახადებისათვის თავის არიდებაში, უცხოურ ბანკებში ანგარიშების დამალვაში და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.