უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების უფლებაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას რეზოლუცია წარედგინება
აშშ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს რეზოლუციას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ, გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ახალი რეზოლუცია, რომელიც ლიხტენშტაინის ხელმძღვანელობით, რამდენიმე ქვეყნის მიერ არის ინცირებული, განსახილველად გენერალურ ასამბლეას წარედგინება.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, რეზოლუციის მიხედვით, ვეტოს გამოყენების შემდეგ შეიკრიბება გენერალური ასამბლეა, სადაც განხილულ იქნება უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ გამოყენებული ვეტო და ვეტოს დადების გარემოებები.
„არის შემთხვევები, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მიიჩნევს, რომ კონკრეტული რეზოლუცია არ პასუხობს საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და ვეტოს ადებს მას. როდესაც მუდმივი წევრი გამოიყენებს ვეტოს, მზად უნდა იყოს, ახსნას რატომ არ პასუხობს განსახილველი რეზოლუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რუსეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების სამარცხვინო პრაქტიკის გამო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის მისი ვეტოთი საქართველოში გაეროს დამკვირვებლის მკვლელობაზე, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიების და პასუხისმგებლობის დაკისრების ბლოკირებაზე, საერთაშორისო ტრიბუნალის დანიშვნაზე უკრაინაში „MH-17“ რეისის თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე და პრეზიდენტ პუტინის დაცვაზე უკრაინაში მის მიერ არჩეული არაპროვოცირებული და უსამართლო ომის გამო“, – აღნიშნულია თომას-გრინფილდის განცხადებაში.
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, გენერალური ასამბლეის ახალი რეზოლუცია ვეტოს თაობაზე იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უშიშროების საბჭოს ყველა იმ მუდმივი წევრის ანგარიშვლადებულების, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის მიმართულებით, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.