აშშ მოუწოდებს რუსეთს, მიიღოს ყველა ზომა, რომ დონეცკში თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე წარდგნენ
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომები, რათა დონბასში „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებაში ბრალდებულმა პირებმა სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში. ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და დაიცვას ის.
აშშ მიესალმება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ოთხი პირისთვის ბრალის წაყენებას.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი სიმართლის ძიებაში და ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ ნიდერლანდების სისხლის სამართლის სისტემის პროფესიონალიზმსა და უნარებში, გაასამართლონ პასუხისმგებელი პირები სამართლიანად“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
19 ივნისს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა რეის MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული კონკრეტული ეჭვმიტანილები დაასახელა. მათ შორის სამი რუსეთის და ერთი უკრაინის მოქალაქეა. საერთაშორისო გამომძიებლების განცხადებით, „ბოინგის“ კატასტროფასთან უშუალო კავშირი აქვთ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. ყოფილ თავდაცვის მინისტრს იგორ სტრელკოვს, გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვსა და უკრაინელ ლეონიდ ხარჩენკოს.
„ბოინგი 777“ 2014 წლის 17 ივლის დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. სამგზავრო ავიალაინერი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლითაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, პრორუსმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ბაზიდან ჩაიტანეს.
მოსკოვი ავიალაინერის ჩამოგდებასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ რაკეტა, რომლითაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.