აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ამის შესახებ აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული.
„რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად განალაგებს თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით. ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას.
„ჩვენ განვაგრძობთ მათი სრული გახსნის შესახებ მოწოდებას, რაც დადებითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ საზოგადოებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.