აშშ მოუწოდებს ისრაელს, დაასრულოს დასავლეთ სანაპიროზე თურქეთისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე აქტივისტის მკვლელობის გამოძიება
აშშ მოუწოდებს ისრაელს, დაასრულოს დასავლეთ სანაპიროზე თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე აქტივისტის მკვლელობის გამოძიება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელის თქმით, ებრაული დასახლებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე აიზენურ ეზგი ეიგის მკვლელობის საქმეზე ისრაელმა გამოძიება გასულ კვირას დაიწყო.
„ჩვენი პარტნიორები ისრაელში ატარებენ გამოძიებას მომხდარის შესახებ და ჩვენ ველოდებით, რომ ისინი საჯაროდ გამოაქვეყნებენ შედეგებს. ასევე ველით, რომ ეს შედეგები იქნება საფუძვლიანი და გამჭვირვალე“, – განაცხადა პატელმა.
თურქეთის ხელისუფლებისა და პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი მოკლეს, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 წლის აიზენურ ეზგი ეიგი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის სიეტლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ გავრცელებულ ცნობებს სწავლობენ. ამასთან, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ თურქეთი ჰააგის სასამართლოს მიმართავს.