აშშ-მექსიკის საზღვარზე მყოფ 11 ათას მიგრანტ მოზარდს ტეხასში, თავშესაფარში გადაიყვანენ
აშშ-მექსიკის საზღვარზე მყოფი არასრულწლოვნებისთვის ტეხასის შტატში სამი ბაზა დროებით თავშესაფრად გადაკეთდება, სადაც მოზარდ მიგრანტებს განათავსებენ. მათი რაოდენობა 11 ათას 300-მდეა. ისინი აშშ-მექსიკის საზღვართან, მშობლების თანხლების გარეშე, თავშესაფრის მოლოდინში იმყოფებიან. მათგან 300-ზე მეტი 12 წლამდე მცირეწლოვანია.
ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, სანამ საემიგრაციო სამსახური არალეგალ მოზარდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი დროებით ტეხასის თავშესაფარში დარჩებიან, სადაც მათ საკვებით, ტანსაცმლითა და ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფენ. ასევე ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება.
ჰონდურასიდან და ჰაიტიდან სიღატაკის გამო გამოქცეული მიგრანტი მოზარდები თავშესაფარში იმ დრომდე დარჩებიან, სანამ აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი მათთვის მეურვეს იპოვის.