აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თვითმფრინავი დააყადაღა. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-მა დაადგინა, რომ თვითმფრინავი აშშ-ის სანქციების დარღვევით იყო შეძენილი.
აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ორშაბათს ფლორიდაში გადაიყვანეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი აღნიშნული თვითმფრინავით სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ვიზიტებისას სარგებლობდა.
„უცხო ქვეყნის მეთაურის თვითმფრინავის დაკავება უპრეცედენტოა სისხლის სამართლის საქმეებისთვის. ჩვენ ნათელ გზავნილს ვაგზავნით, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა, არავინ არ არის აშშ-ის სანქციებს მიღმა“, – განაცხადა „სიენენთან“ საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც ტელეარხი არ ასახელებს.
„სიენენის“ ცნობით, თვითმფრინავი – Dassault Falcon 900 დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი ღირს. ის ბოლო თვეების განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის დაყადაღებაში აშშ-ის რამდენიმე ფედერალური სააგენტო მონაწილეობდა. ამ პროცესში აშშ-ის ოფიციალური პირები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დომინიკის რესპუბლიკასთან.