აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა
აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონში შიშობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები თაღლითური გზით მოპოვებულ უნგრულ პასპორტებს აშშ-ში შესასვლელად იყენებენ.

უნგრეთი ერთ-ერთია 40 ქვეყანას შორის, რომლებთანაც აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა აქვს. აღნიშნული პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, აშშ-ში უვიზოდ ჩავიდნენ ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით 90 დღის ვადით, ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია სჭირდებათ. ESTA-ს მოქმედების ვადა ორწლიანია.

თუმცა, პირველი აგვისტოდან უნგრეთის პასპორტის მფლობელთათვის ESTA-ს მოქმედების ვადა ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება, ასევე უნგრეთის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში შესვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

„ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის უმოქმედობაზე საპასუხოდ“, – განაცხადა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშით, დაახლოებით 700-მა არაუნგრელმა თაღლითური გზით მოიპოვა უნგრეთის პასპორტი და მათგან, სულ მცირე, 65-მა ისარგებლა აშშ-ის უვიზო რეჟიმით.

როგორც „ვაშინგტონ პოსტს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ძირითადად, აშშ-ის შეშფოთებას იწვევს 2011-2020 წლებში გაცემული პასპორტები. 2011 წელს უნგრეთის მთავრობამ აამოქმედა ნატურალიზაციის გამარტივებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის მოქალაქეობა მილიონზე მეტ პირს მიენიჭა.