აშშ-მა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების შავ სიაში ექვსი ფიზიკური პირი და რვა რუსული ორგანიზაციაა შეყვანილი. მათ შორის არის რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გენადი მედვედევი. ასევე ყირიმის და სევასტოპოლის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი სტანკევიჩი.
კომპანიებს შორის კი, შავ სიაში „ოკეანპრიბორი“, ზელენოდოლსკის ქარხანა, იაროსლავში არსებული გემთმშენებელი ქარხანა და ყირიმში მდებარე რამდენიმე საწარმო მოხვდნენ.
ცოტა ხნის წინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც. ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ევროპულმა გაერთიანებამ შავ სიაში რვა ადამიანი შეიყვანა.