აშშ-მა უკრაინას 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმას, რათა სიცივე გამოიყენოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იარაღად.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ 325 მილიონი აშშ დოლარის ფინანსურ დახმარებას უკრაინის ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღსადგენად“, – თქვა ბლინკენმა. გარდა ამისა, აშშ-მა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინას 290 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებლები; აგრეთვე სასმელი წყლისთვის, საკვებისა და მედიკამენტებისთვის.
ბლინკენის თქმით, 102 მილიონი დოლარი გამოიყო განაღმვითი ოპერაციებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიების გაწმენდა რუსების მიერ დატოვებული ნაღმებისა და საბრძოლო მასალისგან.