აშშ-მა სკრიპალების საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი მოამზადა
აშშ-მა სკრიპალების საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი მოამზადა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სკრიპალების მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ განცხადება სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანდრეა ტომპსონმა გააკეთა.

როგორც ამერიკული მედია წერს, სანქციების ახალი პაკეტით სავარაუდოდ შეიზღუდება რუსეთში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი, ასევე დაგეგმილია შეზღუდვების დაწესება რუსეთის სახელმწიფო ავიაგადამზიდავებისთვის.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. მათ წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. ლონდონში ამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცერი კრემლისა და პირადად პუტინის ბრძანებით მოწამლეს.

აშშ-მა სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2018 წლის აგვისტოში დააწესა.