აშშ-მა სირია იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდებათ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც, თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მიმართ ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. ხსენებული აქტებით გამოყოფილი ნებისმიერი სახის დაფინანსება არ შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი ჩანაწერების გაკეთება აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში და მისი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ეს არის მკაფიო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური ნორმის დაცვა, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი და მას პატივი უნდა სცეს ყველამ“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ასევე მიმდინარე წელს – ნაურუს, ხოლო 2017 წელს ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ.