აშშ-მა შესაძლოა, სანქციები მოუხსნას იმ ვენესუელელ სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხუან გუაიდოს მთავრობას აღიარებენ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები მოუხსნას იმ ვენესუელელ სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მთავრობას აღიარებენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
„აშშ განიხილავს სანქციების გაუქმებას ნებისმიერი ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნისთვის, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას და აღიარებს პრეზიდენტ ხუან გუაიდოს კონსტიტუციურ მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ფინანსური წრე სრულიად ჩაიკეტება“, – დაწერა ჯონ ბოლტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებს აშშ, კანადა, ევროკავშირის უმსხვილესი სახელმწიფოები, საქართველო და სხვა ქვეყნები. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, ჩინეთმა და თურქეთმა.