აშშ-მა სერბეთის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის უფროსს, ალექსანდრ ვულინს სანქციები დაუწესა
აშშ-მა სერბეთის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ვულინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ალექსანდრ ვულინი ჩარეული იყო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სერბ მაღალჩინოსანს აქვს ურთიერთობა სერბ იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტეშიჩემთან და მას სერბეთის საზღვარზე იარაღის გადატანაში ეხმარება.
„დღეს გადადგმული ნაბიჯები ალქსადნდრ ვულინს აკისრებს პასუხისმგებლობას მის კორუფციულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მავნებლურ ქმედებებს რეგიონში“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, სერბეთის დაზვერვის უფროსს აშშ-ში არსებულ ფინანსურ ანგარიშებს გაუყინავენ და ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს მასთან ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ. ვულინი ამჟამად სერბეთის სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობს. 2017-2020 წლებში ის იყო სერბეთის თავდაცვის მინისტრი, შემდეგ, 2020-2022 წლებში სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მედიის ცნობით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი არ მიიღებს მონაწილეობას „ანტირუსულ ისტერიაში“.