აშშ-მა სანქციები დაუწესა ხუთ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც ჩართული იყვნენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკანონო ფულადი გადარიცხვების მექანიზმში
აშშ-მა სანქციები დაუწესა ხუთ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც ჩართული იყვნენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკანონო ფულადი გადარიცხვების მექანიზმში. სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი MRB ბანკი.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტები ავრცელებენ.
როგორც სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მართული სქემით, MRB ბანკი ასრულებდა შუამავლის როლს რუსულ TSMR ბანკსა და ჩრდილოეთ კორეის FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობებში.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებული ორგანიზაციები ხელს უწყობდნენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გადახდის უკანონო მექანიზმების შექმნის ძალისხმევას.
როგორც უწყება აღნიშნავს, სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და აჩვენებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას, გამოავლინოს და აღკვეთოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურებს იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.