„როიტერი“ - აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველად „თალიბანის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა
სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველად აშშ-მა „თალიბანის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საჰაერო შეტევები ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში მოხდა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა განაცხადა, ეს თავდაცვითი შეტევა იყო, რადგან მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების პუნქტებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ.
ამერიკელმა პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ს მშვიდობა სურს, თუმცა ამის მისაღწევად მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმები უნდა შეწყვიტონ და ვალდებულებები შეასრულონ.
29 თებერვალს დოჰაში აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის საფუძველზე აშშ-მა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან ჯარები ბოლომდე უნდა გამოიყვანოს. სანაცვლოდ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.
სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზა ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან.