აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი და მის მიერ შესყიდული „როსბანკი“; ასევე „ვითიბი ბანკის“ 17 შვილობილი კომპანია.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „ვითიბი ბანკს“ სანქციები ჯერ კიდევ თებერვალში დაუწესდა. ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, სადაც რუსული ბანკი აქციების 50%-ზე მეტს ფლობს, თუმცა ამჯერად ეს კომპანიები შავ სიაში იქნება ჩამოთვლილი.
აღსანიშნავია, რომ პოტანინი, „ფორბსის“ ინფორმაციით, რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა.
სანქციები ასევე ამოქმედდება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერებისა და გუბერნატორების წინააღმდეგ. მათ შორის არიან ანდრეი ბელოუსოვი და დმიტრი ჩერნიშენკო.
ასევე ნუსხაში მოხვდა „სოვკომფლოტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ფრანკი; აგრეთვე კალინინგრადის, ბელგოროდის, კურსკის, სვერდლოვსკის, კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკისა და მოსკოვის ოლქების გუბერნატორები.