აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ე.წ. შავ სიაში დამატებით შეიყვანეს რუსეთის 18 მოქალაქე და ოთხი კომპანია.
ნუსხაში მოხვდა ახალი ამბების ფედერალური სააგენტო ФАН, შპს „ეკონომიკა სევოდნია“, „ნევსკიე ნოვოსტი” და ინტერნეტრესურსი Usa Really.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „შავ სიაში” შეიყვანეს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები ალექსანდრ ჩეპიგა, იგივე რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ მიშკინი, იგივე ალექსანდრ პეტროვი.
ასევე ნუსხაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცხრა თანამშრომელი, რომელთაც 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. გრუ-ს კიდევ ოთხი თანამშრომელი, „შავ სიაში” მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა და „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე” კიბერთავდასხმაში მონაწილეობის გამო შეიყვანეს.