აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, „შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის ორი მოქალაქე და ორი კომპანია. კერძოდ, სანქციები დაუწესდა მოსკოვში დაფუძნებულ „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ და მის დამფუძნებელს, ილია ღამბაშიძეს, ასევე კომპანიების ჯგუფ „სტრუქტურას“ და მის მფლობელსა და ხელმძღვანელს ნიკოლაი ტუპიკინს.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორი კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციული ძალისხმევის მომსახურებაში, მათ შორის ისეთი ვებგვერდების შექმნის გზით, რომლებიც ევროპაში სამთავრობო ორგანიზაციებისა და ლეგიტიმური მედიასაშუალებების ვებგვერდების მსგავსი იყო.

ტუპიკინსა და ღამბაშიძეს ადანაშაულებენ 60-ზე მეტი ვებგვერდის შექმნაში, რომლებიც წარმოაჩენდნენ თავს, როგორც ლეგიტიმური მედიაორგანიზაციები და სოციალური მედიის ანგარიშები.

„ეს ქმედება ასახავს ჩვენს მიმდინარე ძალისხმევას, წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის მავნე ზეგავლენის ოპერაციებს. გავაგრძელებთ რუსეთის ძალისხმევის გამოაშკარავებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.