აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელს, „რაშა თუდეის“ და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა, მათ შორის ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები მიღებულია მოსკოვის მიერ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე საპასუხოდ.
სანქციები დაუწესდა 10 ფიზიკურ პირს და ორ ორგანიზაციას.
მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ეხება მის ხუთ შვილობილ სტრუქტურასაც. „რაშა თუდეის“ გარდა, ესენია: „რია ნოვოსტი“, „ტვ-ნოვოსტი“, Ruptly და Sputnik-ი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე სანქციები დაუწესა ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაცია (ANO) „დიალოგს“ და მის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ტაბაკს. როგორც 2023 წლის სექტემბერში დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა გამოცემებმა დაადგინეს, „დიალოგი“ პასუხისმგებელია უკრაინაში ომის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მასშტაბურ კამპანიებზე.
„რაშა თუდეისა“ და „დიალოგის“ თანამშრომლების გარდა, სანქციები დაუწესდა ჰაკერული ჯგუფის, RaHDit-ის სამ წევრს. აშშ-ში ამტკიცებენ, რომ სამივე „რუსეთის დაზვერვის მოქმედი ან ყოფილი ოფიცერია“.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, დიპფეიკებს და დეზინფორმაციას, რათა „შეარყიონ ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი“ აშშ-ში და გავლენა მოახდინონ კენჭისყრის შედეგებზე.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანხმობით.
მაისში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთი დაასახელა „ყველაზე აქტიურ უცხოურ საფრთხედ“.
ჰეინსის თქმით, დეზინფორმაციული კამპანიების ფარგლებში მოსკოვი ცდილობდა, გავლენა მოეხდინა აშშ-ში მიგრაციის შესახებ დებატებზე, რათა ამომრჩევლებში აღშფოთება გამოეწვია.
ივლისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია აღკვეთეს, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ში „ბოტფერმა“ ახორციელებდა.
როგორც „ფრანს პრესი“ იუწყებოდა, აშშ-ში განხეთქილების გაღვივების გეგმა „რაშა თუდეის“ რედაქტორმა შეიმუშავა, ის კრემლის მიერ ფინანსდებოდა და მას მხარს რუსეთის სპეცსამსახურები უჭერდნენ.