აშშ-მა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლის ფორმალური პროცედურა დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლის ფორმალური პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-მა გაერო-ს ოფიციალურად უკვე აცნობა.
შეთანხმებიდან გასვლის პროცესი ერთ წელს გაგრძელდება. აშშ-ის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს წარუდგინა, აღნიშნულია, რომ პარიზის შეთანხმება ეს არის აშშ-სთვის „უსამართლო ეკონომიკური ტვირთი“.
„კლიმატის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების დროს ჩვენ გავაგრძელებთ რეალისტური და პრაგმატული მოდელის წარდგენას, რომელიც აჩვენებს, რომ ინოვაციები და ღია ბაზრები ქმნიან უფრო მეტ განვითარებას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და ენერგიის უფრო უსაფრთხო წყაროებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
პარიზის 2015 წლის კლიმატური შეთანხმების ხელმომწერი თითქმის 200 ქვეყანაა. აშშ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღნიშნული შეთანხმებიდან გადის.
2015 წელს გაფორმებული პარიზის კლიმატური შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა. მიზნის მიღწევისათვის ქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შემცირებაა.