აშშ-მა ნიკოლას მადუროს მომხრე შვიდი ვენესუელელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა ნიკოლას მადუროს მომხრე შვიდი ვენესუელელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა ლუის პარა, რომელმაც გასულ კვირას საკუთარი თავი ვენესუელას პარლამენტის სპიკერად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მადუროს ერთგულმა სამხედროებმა ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შესვლა აუკრძალეს.
საპასუხოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 5 იანვარს სხვა შენობაში გამართულ სხდომაზე ვენესუელას პარლამენტის სპიკერად ხუან გუაიდო აირჩიეს.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის პარას გარდა სანქციები კიდევ ექვსი მისი მოკავშირის წინააღმდეგ ამოქმედდება. ვაშინგტონი მათ ვენესუელაში დემოკრატიული პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს.
თავად ლუის პარამ კი, აშშ-ს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
2019 წლის იანვარში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე, აშშ-მა ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დაამტკიცა. გუაიდოს მხარს უჭერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი და საქართველო.