„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა განახორციელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, განკარგულება თავად დონალდ ტრამპმა გასცა. როგორც ცნობილია, კიბერშეტევა ირანის სარაკეტო მართვის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა, რის შემდეგაც ის მწყობრიდან გამოვიდა.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული კიბერთავდასხმა კვირების, შესაძლოა თვეების განმავლობაში მზადდებოდა. მასში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში არიან გათვითცნობიერებულნი. მათთან ერთად შეტევის სამზადისში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც იყო ჩართული. როგორც ცნობილია, თავდასხმა 21 ივნისს განხორციელდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონმა მომხდარში თეირანი დაადანაშაულა და რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.