აშშ-მა ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში თვითმფრინავებიდან ჩაყარა
აშშ-მა ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში თვითმფრინავებიდან ჩაყარა

აშშ-მა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი თვითმფრინავებიდან პირველად ჩაყარა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანკლავში 30 000 ათასი ულუფა საკვები ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან პარაშუტებით ჩაყარეს.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის თვითმფრინავებით ჩაყრის გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების დროს გამოაცხადა.

ამას წინ უძღოდა ღაზის სექტორში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების კოლონას დაედევნენ. ინციდენტის დროს დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი. გაერო-ს ცნობით, მათგან 200 ჯერ კიდევ საავადმყოფოში მკურნალობს. „ჰამასის“ წევრები მომხდარში ისრაელის არმიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღაზის მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, ისრაელში თქვეს, რომ სამხედროებმა მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. მსოფლიო ლიდერები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.