აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ საგანგებო უსაფრთხოების პაქტი წარადგინეს
აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ საგანგებო უსაფრთხოების პაქტი წარადგინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმება მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობს, მათ შორის ბირთვული წყალქვეშა ხომალდების ნოუ-ჰაუსთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერესების დასაცავად, სადაც ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალა შეინიშნება.
აღნიშნული პაქტი ასევე შესაძლებლობას აძლევს ავსტრალიას, გააუქმოს წყალქვეშა ხომალდების ასაგებად ფრანგულ კომპანიასთან დადებული შეთანხმება, რომელმაც 2016 წელს, 12 წყალქვეშა ხომალდის ასაგებად, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მოიპოვა.
უსაფრთხოების პარტნიორობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის პრემიერებმა გამოაქვეყნეს.