აშშ-მა ერაყზე დარტყმა განახორციელა.
ერაყის პოლიციისა და სამედიცინო წყაროების ცნობით, ბაღდადიდან სამხრეთით, ერთ-ერთ ბაზაზე დარტყმას „ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების“ ოთხი წევრი ემსხვერპლა, კიდევ ოთხი კი დაშავდა.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულ დაჯგუფებაში შედიან ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული მებრძოლები.
როგორც აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, აშშ-მა საჰაერო დარტყმა განახორციელა ბაბილის პროვინციაში. ამერიკული მხარის ცნობით, იერიშის სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც დრონების გაშვებას გეგმავდნენ და ამერიკული და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდნენ.
გასულ კვირას რამდენიმე რაკეტა გაუშვეს ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ავიაბაზის მიმართულებით, სადაც, აშშ-ის ხელმძღვანელობით, კოალიციური ძალებია განთავსებული.
„სახალხო მობილიზაციის ძალები“ 150 ათას წევრს ითვლის და ირანისადმი ლოიალურ და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან კავშირების მქონე რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას აერთიანებს.
ერაყში 2500-მდე ამერიკელი სამხედროა განთავსებული.