აშშ-მა, ერაყის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, ლიკვიდირებულია დაჯგუფების 15 წევრი
აშშ-მა, ერაყის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების 15 წევრი.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა და ერაყმა ერთობლივი ოპერაცია 29 აგვისტოს, დილით ერაყის დასავლეთ ნაწილში ჩაატარეს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს თან ჰქონდათ „დიდი რაოდენობით იარაღი, ყუმბარები და თვითმკვლელი ტერორისტების ე.წ. შაჰიდის ქამრები“.
მათივე ცნობით, ოპერაციის შედეგად სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის.
„ამ ოპერაციის სამიზნე იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები. ოპერაცია მიზნად ისახავდა ტერორისტული ორგანიზაციის უნარის შესუსტებას, დაგეგმონ, ორგანიზება გაუწიონ და განახორციელონ თავდასხმები ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაზე, აშშ-ის მოქალაქეებზე, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებაში, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა საჰაერო დარტყმები ტერორისტების თავშესაფრებზე, რის შემდეგაც ჩატარდა საჰაერო-სადესანტო ოპერაცია.
„ყველა თავშესაფარი, იარაღი და მატერიალურ-ტექნიკური მასალა განადგურდა, „შაჰიდის ქამრები“ უსაფრთხოდ ააფეთქეს, ხოლო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პირადობის მოწმობები და საკომუნიკაციო საშუალებები ამოღებულია“, – აცხადებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
ამჟამად ერაყში იმყოფება დაახლოებით 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა მიზანია ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება.
აშშ-მა 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა ერაყში მისიის დასრულების შესახებ, თუმცა მოლაპარაკებები ამერიკული ძალების ერაყიდან გაყვანის პარამეტრების შესახებ დღემდე გრძელდება.