ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულო დახურა. მიზეზი ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან არსებული საფრთხეა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იუწყება, აღნიშნული პირები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკონსულოს რამდენჯერმე თავს დაესხნენ.
„მიუხედავად იმისა, იყნენ თუ არა ისინი ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, თუ მათი მარიონეტი მებრძოლები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამერიკის შეერტებული შტატები ნებისმიერ მსგავს თავდასხმაზე ოპერტიულ და შესაბამის პასუხს გასცემს.“ განაცხადა მაიკ პომპეომ.
ქალაქ ბასრაში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. რამდენიმე კვირის წინ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა. თუმცა თავდასხმის მიღმა არსებული ირანული კვალის შესახებ ოფიციალურ ვაშინგტონს მტკიცებულებები არ წარუდგენია.
ნავთობით მდიდარი ბასრა ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე თვეა, ქალაქში არეულობა არ ცხრება. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ქვეყანაში არსებული კორუფციის აღმოფხვრას სთხოვს.