აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. „ბიბისის“ ცნობით, დარტყმები განხორციელდა იემენში 13 ადგილას 36 სამიზნეზე.
მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.
„მაღალი სიზუსტის ეს დარტყმები მიზნად ისახავს, შეაფერხოს და შეასუსტოს შესაძლებლობები, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებენ გლობალური ვაჭრობისა და უდანაშაულო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად, და არის პასუხი „ჰუსიტების“ უკანონო, საშიშ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრი.
„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივ დარტყმებამდე, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს „ჰუსიტების“ ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც მზად იყო წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ გასაშვებად. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, რაკეტები წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში.