აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 50 ათასამდე გაზარდა
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 50 ათასამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
შეერთებული შტატების სამხედრო განლაგება რეგიონში ემსახურება მოკავშირეების დაცვას და ასევე თავდასხმების შეკავებას. გამოცემის თანახმად, დამატებითი რესურსები დაეხმარა აშშ-ს პატრულირებაში სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში, მათ შორის ოპერაციებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში, ისრაელის დაცვაში და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ საფრთხის წინააღმდეგ, რომლებიც თავს ესხმიან კომერციულ გემებს წითელ ზღვაში და უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს ისრაელის მიმართულებით.
„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობას დაახლოებით 34 ათასი ჯარისკაცი ჰყავს ახლო აღმოსავლეთში. ეს რაოდენობა ისრაელ -„ჰამასის“ ომის პირველ თვეებში დაახლოებით 40 ათასამდე გაიზარდა. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის ფონზე, ორ ავიამზიდს და მათ თანმხლებ სამხედრო ხომალდებს უბრძანა, დარჩენილიყვნენ რეგიონში, ჯამური რაოდენობა თითქმის 50 ათასი გახდა.