აშშ-მა 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სულ სანქციები დაუწესდა ოთხ იურიდიულ პირს, შვიდ ფიზიკურ პირს, სამ თვითმფრინავს და ერთ იახტას, რომლებიც ე.წ. ტროლების ქარხანას და მის დამფინანსებელს, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს უკავშირდებიან.
კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლების მიერ „შავ სიაში“ შეყვანილთა შორის რუსეთის ორი მოქალაქე, იგორ ნესტეროვი და დენის კუზმინი არიან. სახაზინო დეპარტამენტის მტკიცებით, ისინი დაკავშირებულები არიან „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან“, რომელიც ცნობილია „ტროლების ქარხნის“ სახელით.
„დღევანდელი გადაწყვეტილება აძლიერებს ზეწოლას სანქციების სიაში მანამდე შეყვანილ ევგენი პრიგოჟინზე, ის მიმართულია მისი ფიზიკური აქტივების, მათ შორის სამი თვითმფრინავისა და იახტის, ასევე პრიგოჟინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.