აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე შესაძლოა, ტარიფები დააწესოს
აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე შესაძლოა, 25%-იანი ტარიფები დააწესოს. BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ გეგმა შესაძლოა, 1-ლ აგვისტოს წარადგინოს.
პროდუქციის სია, რომელზეც სანქციები სავარაუდოდ, სექტემბერში უნდა დაწესებულიყო, აშშ-მა ივლისში გამოაქვეყნა.
პოტენციურ სასანქციო სიაშია საკვები პროდუქტები, მინერალები და სამომხმარებლო საქონელი. ვაშინგტონს 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები უკვე აქვს დაწესებული. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პეკინმა ანალოგიური ზომებით უპასუხა.
დასავლური მედია წერს, რომ ახალი ტარიფების დაწესება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გააღრმავებს. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს პეკინთან სავაჭრო დეფიციტი აქვს და ჩინეთი არასამართლიანი პირობებით ვაჭრობს.