ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ დეპუტატ ანდრეი დერკაჩს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მიზეზად დერკაჩის მხრიდან აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით, ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენსა და მის შვილზე, ჰანტერ ბაიდენზე კომპრომატის მოძიების მცდელობა სახელდება.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ანდრეი დერკაჩი 10 წელიწადზე მეტია, რუსეთის აქტიური აგენტია და მანიპულაციით, მოტყუებით აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ცდილობს.
2020 წელს უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას აუდიოჩანაწერები გადასცა, სადაც სავარაუდოდ ისმის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ხმა. უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“. მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.