აშშ-მ შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს
აშშ-მ შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

ფსაკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები სწავლობენ მონაცემებს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასევე განიხილება სანქციების დაწესება ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც.

2020 წლის ივნისში, ამერიკულმა გამოცემა „ნიურკ ​თაიმსმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს ჯილდოს სთავაზობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნიურკ თაიმსის“ ამ სტატიას ყალბი ამბავი უწოდა.

ასევე, გავრცელებული ვერსიით, ამერიკული მხარე რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და მისი პატიმრობის გამოც გეგმავს.