აშშ-მ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. გაფართოებული სანქციები ბელარუსის პოლიციასა და უშიშროების ორგანოებზე გავრცელდება.
როგორც აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აშშ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი კაზაკევიჩის აქტივებს დააყადაღებს.
აშშ-ს სანქციები ასევე უშიშროების ორგანოებსაც შეეხება, რომლებიც მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში გამართულ აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლაში მონაწილეობდნენ.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებენ.