აშშ-მ ალასკაზე არსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის შორ მანძილზე მოქმედი რადარის მშენებლობა დაასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ალასკაზე არსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის შორ მანძილზე მოქმედი რადარის მშენებლობა დაასრულეს, რომელსაც ექნება უნარი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს თვალყური ადევნოს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ და ამბობენ, რომ ეს სისტემა შეერთებულ შტატებს დაიცავს ისეთი საფრთხეებისგან, როგორიც ზებგერითი იარაღია.
„შორ მანძილზე მოქმედი რადარის მშენებლობა დასრულდა და ახლა შეგვიძლია ტესტირების ეტაპის დაწყება, რომელიც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემის შემდგომ ოპერატიულ გამოყენებას უზრუნველყოფს. ეს რადარი ჩრდილოეთ სარდლობას მისცემს საშუალებას, უკეთ დაიცვას შეერთებული შტატები ბალისტიკური და ზებგერითი რაკეტებისგან“, – განაცხადა პენტაგონის სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორმა ჯონ ჰილმა.
„სრულად ამოქმედების შემდეგ რადარს ექნება უნარი, თვალყური ადევნოს რამდენიმე პატარა ობიექტს, მათ შორის ყველა კლასის ბალისტიკურ რაკეტას ძალიან დიდ მანძილზე“, – ნათქვამია სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.