აშშ-ი ლტოლვილების მიღების კვოტას 2019 წლისთვის კიდევ 15 000-ით ამცირებს
აშშ-ი ლტოლვილების მიღების კვოტას 2019 წლისთვის კიდევ 15 000-ით ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები 2019 წელს 30 000-მდე ლტოლვილს მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე განაცხადა. ამგვარად, ხელისუფლების მიერ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული ლიმიტი 15 000-ით მცირდება. 2018 ფისკალურ წელს აშშ-ს გათვალისწინებული ჰქონდა 45 000 ლტოლვილის მიღება.

„ჩვენ ვაპირებთ 30 000 ლტოლვილის განსახლებას ახალი ლიმიტის შესაბამისად, ასევე თავშესაფრის 280 000 მაძიებლის განაცხადის განხილვას“, – აღნიშნა პომპეომ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამჟამად აშშ-ის ტერიტორიაზე თავშესაფრის 800 000 მაძიებელია, რომლებიც თავიანთი განაცხადების განხილვას ელოდებიან.

მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ი ყველაზე ხელგაშლილი ქვეყანაა მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება დაცვაზე დაფუძნებულ იმიგრაციას.

2019 წლის ფისკალური წელი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იწყება. გასულ წელს დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების ლიმიტად 45 000 დაასახელა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანამ მიმდინარე წელს მხოლოდ 22 000-მდე ლტოლვილი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული კვოტა 85 000-ს შეადგენდა.