აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებმა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმის ერთდროულად ორი კანონპროექტი წარადგინეს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელებმა საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმის ერთდროულად ორი კანონპროექტი წარადგინეს. წარმომადგენელთა პალატამ ერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა. მეორე კანონპროექტის განხილვა კი რამდენიმე დღით გადაიდო.
ორი კანონპროექტის წარდგენის მიზეზი რესპუბლიკელების შეუთანხმებლობა გახდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი აცხადებს, რომ ეს „ნორმალური სიტუაციაა“ და ქვეყანაში არსებული ვითარებიდან არ გამომდინარეობს.
ამერიკული მედიის ცნობით, კანონპროექტი რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი არ დაუჭირა, შედარებით კონსევატიული იყო. დოკუმენტი მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე კედლის აშენებას ითვალისიწნებს. ასევე იმ იმიგრანტებს, რომლების ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად ბავშვობაში შევიდნენ, დეპორტაციისგან მხოლოდ დროებით იცავს. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 193-მა კონგრესმენმა დაუჭირა. წინააღმდეგი კი 231 იყო.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ის არალეგალი იმიგრანტების დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა გარკვეული დეტალები დოკუმენტში ამ დრომდე დაუზუსტებელია.
მექსიკის საზღვართან არსებული კრიზისის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საიმიგრაციო კანონის შეცვლაზე ბოლო დღეებში აქტიურად მუშაობენ.
აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა „ნულოვანი ტოლერანტობა“ მექსიკიდან აშშ-ში გადასული არალეგალური ოჯახების განცალკევებას და ბავშვების სპეციალურ ცენტრებში განთავსებას ითვალისწინებს. თუმცა პოლიტიკის კიდევ ერთხელ გატარების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. შედეგად აშშ-ის პრეზიდენტმა არალეგალი მიგრანტების ოჯახების განცალკევების აკრძალვის ბრძანებას მოაწერა ხელი.